Batumi Logo Design
საქართველოს არტ-დირექტორთა და დიზაინერთა ჯგუფმა ჩამოაყალიბა და დასაბუთებული სახით წარმოადგინა საფუძვლიანი მიზეზები, რის გამოც www.batumi.ge-ზე ( http://batumi.ge/poll/ ) მოცემული ლოგოს ვერსიები ბათუმის ოფიციალურ სახედ არ გამოდგება.
პირველ რიგში, ბათუმი არის საზღვაო კურორტი, რაც არ ჩანს არცერთ ვერსიაში. სამივე ვარიანტში მოცემულია არარელევანტური კონცეფციები ბათუმის მიმართებაში.
ვარიანტი N1-ის აღწერის მიხედვით, ფრანი ასოცირდება ზღვასთან, თუმცა რეალურად ფრანი (თუნდაც ცისფერი) ზღვის აშკარა ასოციაციას ვერ ქმნის, რადგან ფრანი ხშირად გვინახავს ტბაზეც, ტრიალ მინდორში პიკნიკზეც, მეგობრის აგარაკზე და ასე შემდეგ. ფრანი უამრავ სხვა ასოციაციას იწვევს, რაც ზღვას პირიქით უკანა პლანზე წევს.
ვარიანტი N2-ის აღწერით თუ ვიხელმძღვანელებთ, ლოგოში გამოყენებულია ცისფერი ფერი, რადგან ცისფერი ასოცირდება ცასთან და წყალთან. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხევაში ცისფერი ვერ გვიქმნის ზღვის ასოციაციას, რადგან ფრთები, ხშირ შემთხვევაში, ისედაც ცისფრად იხატება. შესაბამისად ლოგოში ცისფრის არსებობის მიზეზიც სწორედ ფრთებია და არა ზღვა. ეს უკანასკნელი აქაც უკანა პლანზე რჩება.
ვარიანტი N3-ში საერთოდ არ ჩანს არც ზღვა და არც ზღვისფერი. ბათუმის, როგორც ზღვის ქალაქის ლოგოში კი აუცილებელია წამიერი შეხედვითაც კი იგრძნობოდეს ზღვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ N1 და N3 ვერსიების ლოგოტიპი "Batumi" არის თურქეთის ლოგოტიპის იდენტური. საქართველოს არტ-დირექტორთა და დიზაინერთა ჯგუფი თვლის, რომ ბათუმი ნამდვილად იმსახურებს არა სხვა ქვეყნისა თუ ქალაქის მსგავს, არამედ სპეციალურად ბათუმისთვის შექმნილ უნიკალურ ლოგოტიპს, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე.
რაც შეეხება N2 ვერსიის ლოგოტიპს, ის ძალიან დასახვეწია და დაწყებითი კლასების მოსწავლის ხელნაწერს უფრო წააგავს, ვიდრე პროფესიონალი დიზაინერის ნამუშევარს.
გარდა ლოგოტიპისა, მოცემული სამი ვერსიის გრაფიკული ნიშნები ძალიან უხარისხოდ არის შესრულებული. სამივე ვარიანტი ესთეტიურად მიუღებელია. კერძოდ: საბავშვო მულტფილმიდან შემოფრენილი ფრანი; ორი უშნო პროფილი ფრთების სახით და უცნაური "ეფექტი" ფეიერვერკში. გარდა იმისა, რომ ეს ნიშნები ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ დაბალ დონეზეა შესრულებული, ისინი იდეურადაც არ გამოხატავს ბათუმს. სამივე ვერსიის აღწერა არის გადამეტებული და არ შეესაბამება რეალურად არსებულ ვარიანტებს. კერძოდ, აღწერების წაკითხვის გარეშე არცერთი ვერსია არ ტოვებს ბათუმის ასოციაციას. მოგეხსენებათ, არც ტურისტი და არც ადგილობრივი მცხოვრები ლოგოს აღწერის წაკითხვას არ დაიწყებს. ლოგოს მთავარი დანიშნულება სწორედ ის არის, რომ აღწერის გარეშე გადმოგვცეს იდეა.
სამივე ვერსიის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაკლს წარმოადგენს ლოგოტიპსა და გრაფიკულ ნიშანს შორის არსებული დისბალანსი. ხარისხიან ლოგოში ლოგოტიპი უნდა შეესაბამებოდეს გრაფიკულ ნიშანს. მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს როგორც ვიზუალური, ასევე ემოციური კავშირი.
ვარიანტი N1-ის ლოგოტიპი საერთოდ არ შეესაბამება მის მარჯვნივ მოთავსებულ ფრანს, რადგან ეს უკანასკნელი თხელი, მსუბუქი დეტალებისგან შედგება, ლოგოტიპი კი ზედმეტად მუქი, შავი და მძიმეა.
ვარიანტი N2-ში ლოგოს მარჯვენა მხარეს, გრაფიკულ ნიშანსა და ლოგოტიპს შორის, არის სიცარიელე, რომელიც სრულიად ათვისებულია ლოგოს მეორე მხარეს, რაც სიმეტრიულ ფრთებთან წინააღმდეგობაში მოდის და აშკარად ამძიმებს ლოგოს მარცხენა მხარეს. აქედან გამომდინარე, ლოგოტიპი არის შექმნილი სრულიად დამოუკიდებლად და არა გრაფიკული ნიშნის ფორმებზე დაყრდნობით.
ვარიანტი N3-ში საკმაოდ მცირე "ვარსკვლავისებური" დეტალებისგან შემდგარ ფეიერვერკ-მზე-ბაბუაწვერას არ შეესაბამება დიდი და მუქი ხელნაწერი, რადგან ეს უკანასკნელი ისედაც სახასიათო და "ჩახვეულია", მრავალი მცირე დეტალითა და სხვადასხვა იდეით დატვირთული გრაფიკული ნიშანი კი მთლიანობაში ლოგოს ზედმეტად გადატვირთულს, ქაოტურს და ტექნიკურად რთულად გამოსაყენებლს ხდის.
საერთო ჯამში,www.batumi.ge-ზე შემოთავაზებული სამივე ვერსია აბსოლუტურად ამოვარდნილია თანამედროვე დიზაინის ტენდენციებიდან; წარმოადგენს უგემოვნოდ და არაპროფესიონალურად შესრულებულ ნამუშევარს; განიცდის კრეატიული შემადგენელის არარსებობას; ტოვებს ზედმეტად ბავშვურ შთაბეჭდილებას, როგორც იდეურად, ასევე ტექნიკური შესრულების თვალსაზრისითაც; არ გამოხატავს ბათუმს; იკითხება არაპროფესიონალი (დამწყები) დიზაინერის ხელი.
საქართველოს არტ-დირექტორთა და დიზაინერთა ჯგუფი თვლის, რომwww.batumi.ge-ზე მოცემული სამი ვარიანტი (ვარიანტი N1, ვარიანტი N2, ვარიანტი N3) ბათუმის ლოგოდ არ გამოდგება ზემოთ ჩამოთვლილი დეტალურად დასაბუთებული მიზეზების გამო.
საქართველოს არტ-დირექტორთა და დიზაინერთა ჯგუფი მზად არის კონსულტაციისა და შემდგომი ნაბიჯებისთვის.
ლოგოს ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
http://batumi.ge/poll/
თაკო აბრამია | გრაფიკული დიზაინერი | ELG / RDSSC
რუსლან ბერიძე| ილუსტრატორი / გრაფიკული დიზაინერი | Windfors
ზაქარია მესროპოვი | არტ-დირექტორი | Windfors
ბესო ყაველაშვილი | არტ-დირექტორი / გრაფიკული დიზაინერი / დიჯითალ არტისტი | ფრილანსერი
ლევან ლეფსვერიძე | კრეატიული დირექტორი | Leavingstone
ბიბი ასათიანი | არტ-დირექტორი | Windfors
German Leon | არტ-დირექტორი | Saatchi & Saatchi Tbilisi
გიორგი მიქაია | არტ-დირექტორი | Logodesign.ge
თენგო ბეგოიძე | დიზაინერი | Windfors
თამთა მალაზონია | დიზაინერი | Windfors
ნანუცა ედიბერიძე | დიზაინერი | Windfors
სოფო ბაბუაძე | გრაფიკული დიზაინერი | ფრილანსერი
გვანცა ჩიჯავაძე | გრაფიკული დიზაინერი | DDB Georgia
ელენემელიკა სულაბერიძე | გრაფიკული დიზაინერი | DDB Georgia
ანა გველესიანი | MFA in Graphic Design | Basel School of Design
დავით ჭიპაშვილი | გრაფიკული დიზაინერი
ალექსანდრე კუტალაძე | გრაფიკული დიზაინერი / ფოტოგრაფი | ფრილანსერი
გიორგი ჩხიკვაძე | ვებ და ლოგოს დიზაინერი / IT Incubator
Comment